English / ქართული / русский /
თენგიზ ქავთარაძე
აშშ-ს სოფლის მეურნეობის ინოვაციურ სისტემებში ტექნოპარკების ფუნქციონირება და მათი გამოცდილების განზოგადება საქართველოში

ანოტაცია

ნაშრომში შესწავლილია აშშ სოფლის მეურნეობის ინოვაციურ სისტემებში ტექნოპარკების, როგორც ინოვაციური ინფრასტრუქტურის ობიექტის ფუნქციონირება და მათი გამოყენების მიზანშეწონილობა საქართველოში. აამ თვალსაზრისით ნაშრომში პირველადაა საუბარი აშშ-ში და გერმანიის ფედერაციულ რესუბლიკაში ხორცის წარმოების გადიდების ისეთ მძლავრ რეზერვზე, როგორიცაა გოჭის ადრეულ 2-3 დღის ასაკში ასხლეტა და მათი გამოცდილების განზოგადება საქართველოში. პირველადაა წამოყენებული წინადადება პირუტყვის საკვებწარმოების გადიდების მიზნით, აშშ-ს და სხვა განვითარებული ქვეყნების მსგავსად, საქართველოს მსხვილი ქალაქების ნაგავსაყრელებთან მოეწყოს საჭმლის ნარჩენების გადამამუშავებელი საამქროები. ნაჩვენებია კვების მრეწველობისათვის განკუთვნილი შაქრის წარმოების მიზანშეწონილობა თხევადი შაქრის სახით.

აშშ-ს სოფლის მეურნეობის ინოვაციური სისტემების ინფრასტრუქტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ტექნოლოგიური პარკების ფუნქციონირებას. თავად ტერმინი სამეცნიერო ტექნოლოგიური პარკი (ტექნოპარკი) ნიშნავს განათლების, მეცნიერების, წარმოების, ბიზნესისა და სახელმწიფოს ინტეგრაციას, რომელსაც, როგორც წესი, თან ახლავს გადასახადებისა და დაბეგვრის შეღავათიანი სისტემა.

ტქნოპარკები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს ყველა კუთხეში, მათი შექმნით დაინტერესებულნი არიან არა მხოლოდ კერძო საწარმოები ან სასწავლებლები, არამედ მთავრობებიც, ვინაიდან ტექნოლოგიური პარკი ხელს უწობს ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობას და სუსტი რეგიონების განვითარებას; ტექნოპარკის ძირითად მიზანს წარმოადგენს გამომგონებლებისა და მკვლევართა ჯგუფებს შორის, ან ტექნოლოგიური პროდუქციის სხვადასხვა მწარმოებლებს შორის კომუნიკაციების დამყარება.

* * *

სამეცნიერო ტექნოლოგიური პარკები წარმოადგენწს თავისუფალი ეკონომიკური ზონის ისეთ ნაირსახეობას, რომელიც პირდაპირ არის ორიენტირებული ახალი ტექნოლოგიების მოზიდვასა და მეცნიერებატევადი წარმოების განვითარებაზე. ამჟამად საქართველოში არც ერთი ტექნოპარკი არ ფუნქციონირებს. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორც საქართველოა, ტექნოპარკის ჩამოყალიბება ფუფუნებაა. თუმცა ტექნოპარკები შექმნილია ევროპის მცირე ქვეყნებშიც კი. მაგალითად, შვეიცარიაში შვიდი ტექნოპარკი ფუნქციონირებს: ლოზანას სამეცნიერო პარკი; ჟენევის „უახლესი ტექნოლოგიების ცენტრი“; ჟენევის „აყვავების სამეცნიერო სააგენტო“; სიერას „კიდობანი“; ივერდონის ტექნოპარკი; ბერნის ბიო-ტექნიკური პარკი; ციურიხის ტექნოპარკი.

ტექნოპარკი არის არაბეთის გაერთიანებულ ემირატებშიც, რომელიც ცნობილია, როგორც „დუბაის სილიკონის ოაზისი“

ამდენად, ტექნოპარკები არა მხოლოდ დიდი სახელმწიფოების პრივილეგიაა, არამედ პატარა ქვეყნებისაც. საქართველოსათვის პირველ ეტაპზე მიზანშეწონილია უპირატესობა მიენიჭოს საუნივერსიტეტო ტექნოლოგიური პარკების შექმნას, რისი განხორციელებაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით, სწრაფად და ეფექტურად.

ტექნიკური პარკის მთავარი ფუნქციაა თეორიულ-ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის კვლევების წარმოება. ასეთი პარკები, როგორც წესი, მეცნიერებატევად ფირმებს უქმნიან ხელსაყრელ პირობებს მეცნიერული კვლევა-ძიების ნაყოფიერად წარმართვისათვის,; სამეცნიერო ტექნოპარკები პირველად აშშ-ში შეიქმნა 1950-იან წლებში, 1970 წლებში კი ასეთი კერები შეიქმნა იაპონიასა და დასავლეთ ევროპაში. მეცნიერებისა და წარმოების შეერთება-შერწყმის ეს პროგრესული ფორმა შემდეგ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.

ტექნოპარკად იწოდება ორგანიზაცია იურიდიული პირის უფლებით, რომელსაც აქვს მჭიდრო ფუნქციური კავშირი ერთ ან რამდენიმე კვლევით ცენტრთან, უმაღლეს სასწავლებლებთან, სამრეწველო საწარმოებთან, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან და მეციერებატევადი მეწარმეობის განვითარების მიზნით თავის სამოქმედო რეგიონში ქმნის თანამედროვე ინოვაციურ გარემოს. იგულისხმება მცირე და საშუალო სიდიდის ინოვაციური ფირმების მხარდაჭერისა და დამოუკიდებლად სამოქმედო მომზადებისათვის, მეცნიერული ცოდნის, გამოგონებათა, ნოუ-ჰაუსა და მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების წარმოებრივი ათვისებისათვის მატერიალურ-ტექნიკური, ფინანსური, სერვისული, ინფორმაციული და სოციალურ კულტურული ბაზის შექმნა.

ტექნოპარკის დამფუძნებლად, როგორც წესი, ერთდროულად გამოდიან უნივერსიტეტები, სამეცნიერო ცენტრები, სამრეწველო საწარმოები, საფინანსო ორგანიზაციები და ხელისუფლების ორგანოები. მისი არსებობისა და ფუნქციონირების ძირითად ნიშან-თვისებებს შორის აღსანიშნავია ის, რომ: აქვს იურიდიული პირის სტატუსი, უძრავი ქონება, განვითარებული ბიზნესინკუბატორი, ხანგრძლივი ვადით არენდით აღებული ფართი, სათანადო სერვისი, რომელსაც ძალუძს კლიენტი ფირმების მრავალფეროვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება; ჰყავს მენეჯერთა მაღალკვალიფიციური კადრები; რეგიონში წარმოადგენს ისეთ სტრუქტურას, რომელიც საგრძნობ გავლენას ახდენს მის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.

პირველი ტექნოპარკი შეიქმნა გასული საუკუნის 50-იან წლებში სტენფორდის უნივერსიტეტთან (აშშ), ამჟამად იგი წარმოადგენს უმსხვილეს ტექნოპოლისს, რომელიც თავის შემადგენლობაში 8 ათასამდე ინოვაციურ ფირმას ითვლის. აღსანიშნავია, რომ თითოეულ მათგანში 10 მეცნიერ მუშაკზე მეტი არ მუშაობს. მათ შორის ინტენსიურად მიმდინარეობს მეცნიერულ-ტექნიკური და წარმოებრივი იდეების გაცვლა, რაც ხელს უწყობს მეცნიერებატევადი (მოწინავე) ტექნიკისა და ტექნოლოგიების წარმოების გაფართოებას.

ტექნოპარკის ძირითადი ტიპებია: სამეცნიერო, ტექნოლოგიური, ბიზნესინკუბატორები და ტექნოპოლისები. ტექნოპარკი იქმნება ისეთი ამოცანების გადასაჭრელად, როგორებიცაა:

_ დახმარების გაწევა მცირე ზომის დამწყები ინოვაციური ფირმების წარმოშობისა და განვითარებისათვის;

_ ინტელექტუალური პროდუქტის გადაქცევა საქონლად;

_ საზოგადოებრივ პროგრესში მეცნიერებისა და განათლების როლის ამაღლება;

_ სრულიად ახალი ტექნოლოგიების, ნაწარმისა და მომსახურების შექმნა და რეალიზაცია მათი გამოყენების ახალ სფეროში;

_ მაღალ კვალიფიციური სპეციალისტებისათვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა;

_ ინვესტორების მოზიდვა როგორც ქვეყნის ცალკეული რეგიონებიდან, ისე საზღვარგარეთიდან.

ტექნიკური პარკის მთავარი ფუნქციაა თეორიულ-ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის კვლევების წარმოება. ასეთი პარკები, როგორც წესი, მეცნიერებადტევად ფირმებს უქმნიან ხელსაყრელ პირობებს (თანაც საკმაოდ ხანგრძლივი ვადით) მეცნიერული კვლევა-ძიების ნაყოფიერად წარმართვისათვის. მიდიან რა დიდ რისკზე, ისინი აფინანსებენ პრიორიტეტულ სამეცნიერო  მიმართულებებს. ფუნქციონირების გარკვეული თავისებურებანი ახასიათებს  სეციალიზებულ და მრავალპროფილიან სამეცნიერო ტექნოპარკებს.

სამეცნიერო ტექნოპარკები პირველად აშშ-ში შეიქმნა 1950-იან წლებშ, 1970-იან წლებში კი ასეთი კერები შეიქმნა იაპონიასა და დასავლეთ ევროპაში. მეცნიერებისა და წარმოების შეერთება-შერწყმის ეს პროგრესული ფორმა შემდეგ სხვა ქვეყნებში გავრცელდა.

სამეცნიერო ტექნოპარკების გადასაწყვეტ ძირითად ამოცანებს შორის აღსანიშნავია:

_ ისეთი ორიგინალური მეცნიერული იდეების შემუშავება, რომელთაც ძალუძთ პროგრესული ხასიათის რადიკალური ცვლილებების შეტანა ტექნიკასა და ტექნოლოგიაში;

_ სამეცნიერო და ტექნიკური ცოდნის უმაღლესი სასწავლებლებიდან და მეცნიერულ-კვლევითი ინსტიტუტებიდან მეურნეობრივ პრაქტიკაში გადატანის დაჩქარება;

_ უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულთა ცოდნის დონის ამაღლება მათ მიერ კვლევა-ძიებით სამუშაოებსა და დამუშავებაში აქტიური მონაწილეობის ხარჯზე.

აშშ-ს სოფლის მეურნეობის ინოვაციურ სისტემებში ტექნოპარკების გადასაწყვეტ ძირითად ამოცანებს შორის  აღსანიშნავია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში ორიგინალური მეცნიერული იდეების შემუშავება და რადიკალური ცვლილებების შეტანა დარგის ტექნიკასა და ტექნოლოგიაში. მაგალითად, თანამედროვე მეკარტოფილეობა მემცენარეობის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური დარგია. იგი ითხოვს დიდძალ კაპიტალდაბანდებას; მანქანების, სასუქების, შხამქიმიკატების შეძენა - გამოყენებას, მორწყვითი სამუშაოების განხორციელებას და ა.შ. კარტოფილის ნათესი ფართობების ყოველ ჰექტარზე თანდათან იზრდება კაპიტალდაბანდება და საშუალოდ აშშ-ის სოფლის მეურნეობის ინოვაციურ სისტემებში შეადგენს 718 დოლარს, მათ შორის ფულადი დანახარჯები – 581 დოლარს. ტექნოპარკების ფუნქციონირების თვალსაზრისით მეტად შთამბეჭდავია მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ მიჩიგანის შტატის მეკარტოფილეობის 30 ფერმაში 1983 წელს ჩატარებული კვლევები. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თითოეულ ფერმაში კაპიტალის მოცულობა საშუალოდ შეადგენდა 349,5 ათას დოლარს; მეკარტოფილეობის მსხვილ ფერმერულ მეურნეობებში, სადაც კარტოფილის ნათესი ფართობების ოდენობა შეადგენდა 101 ჰექტარს, კაპიტალის მოცულობა უდრიდა 444 ათას დოლარს; ფერმის საკუთარი კაპიტალი ამ თანხიდან შეადგენდა 87%. კვლევით ფერმაში შრომითი დანახარჯები საშუალოდ შეადგენდა 10,6 ათას კაცსაათს, მათგან 64% მოდიოდა დაქირავებულ შრომაზე. ფულადი დანახარჯების 1/3 მოდიოდა საბრუნავი კაპიტალის დანახარჯების ელემენტებზე (სარგავი მასალები, სასუქები, შხამქიმიკატები და სხვა), დაქირავებული შრომის დანახარჯები კი შეადგენდა 24%.

კკარტოფილზე სამომხმარებლო მოთხოვნილების სტრუქტურა განიცდის არსებით ცვლილებას; ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით აღინიშნება კარტოფილზე ნატურით მოხმარების შემცირება 91 კგ-დან 55 კგ-მდე. იზრდება მოთხოვნილება კარტოფილის გადამუშავებულ პროდუქტებზე ჩიფსების, მშრალ, გაყინულ კარტოფილის ფქვილზე და სხვა სახით. წარმოებული კარტოფილის მეტი წილი მოიხმარება გადასამუშავებლად, ნაკლები კი ნატურალური მოხმარებისათვის. თუ 1964 წელს კარტოფილზე სასურსათო მოთხოვნილება შეადგენდა 59%, 1994 წელს ამ მაჩვენებელმა შეადგინა 39%. კარტოფილის გასაღებამ განიცადა არსებითი ცვლილებანი. წარმოიშვა ხარისხობრივად ახალი მომენტები, კერძოდ პროდუქციის შესყიდვის საქმეში სავაჭრო და სამრეწველო ფირმების კონცენტრირება. პრაქტიკაში ფართოდ ინერგება ფერმერული მეურნეობებიდან კარტოფილის პირდაპირი შესყიდვის სისტემა. შესყიდვის სტრუქტურაში მკვეთრად იზრდება გადამამუშავებელი ფირმების როლი და, პირიქით, მცირდება საცალო და საბითუმო ფირმების ქსელი.

სოფლის მეურნეობის ინოვაციური სისტემების ინფრასტრუქტურაში საინტერესო სამუშაოები მიმდინარეობს ტექნოპარკებში მეცხოველეობის ჯიშობრივი სანაშენო მუშაობის სრულყოფის თვალსაზრისით. ხორცის წარმოების გადიდების  მნიშვნელოვანი რეზერვია მეღორეობაში ნეზვის გამოყენების ეფექტურობის ამაღლება. მეღორეობის სეციალიზებული მეურნეობების მუშაობის შეფასებისას დამაკმაყოფილებლად ითვლება შემდეგი მაჩვენებლები: ნეზვიდან წლის განმავლობაში საშუალოდ 1,7-1,8 მოგების მიღება; ერთ მოგებაზე მრავალნაყოფიერება 9,12 გოჭი; ასხლეტისას 60 დღის ასაკში ნეზვიდან 8-10 გოჭის მიღება, 1 გოჭის ცოცხალი მასა 16 კგ და მეტი. ნეზვის სქესობრივი ციკლი მისი ასეთი გამოყენების შემთხვევაში მოიცავს მაკეობის 114-115 დღეს, წოვების სამოც დღეს და დაგრილების 10-12 დღეს. ამდენად, ხელსაყრელ პირობებში მოგების ერთი ციკლისათვის საჭიროა 184-187 დღე. მაშასადამე ყველა ნეზვიდან მეურნეობაში საშუალოდ ორი მოგების მიღება მეტად ძნელია.

მოგებებს შორის მოგების ინტერვალის შემცირების ერთ-ერთ რეზერვს  წარმოადგენს წოვების პერიოდის შემცირება. მიუხედავად არაერთგზის ცდისა, შეემცირებინათ აღნიშნული ინტერვალი ნეზვის წოვების პერიოდის შეხამებით მაკეობის პერიოდთან, საიმედო შედეგები ვერ მიიღეს. უფრო წარმატებითი აღმოჩნდა მოგებებს შორის ინტერვალის შემცირების მეთოდი გოჭების ადრე ასხლეტის გზით (ლაქტაციის პერიოდის შემცირება). დღეისათვის ძუძუთა გოჭის ხელოვნური გამოზრდა კვლევითი თვალსაზრისით, შეიძლება ჩაითვალოს დამუშავებულად და პრაქტიკული გამოყენებისათვის დაყვანილად.

მაგალითად ინგლისში და აშშ დამუშავებულია ორი-სამი დღის ასაკის გოჭის გამოზრდის მეთოდი ხელოვნური ნეზვის საშუალებით,  გერმანიაში ფუნქციონირებს ოთხი დღის ასაკიდან გოჭის გამოსაზრდელი მსხვილი ფაბრიკა. ამასთან ერთად კალენდარული წლის განმავლობაში ნეზვიდან საშუალოდ 25 გოჭს ღებულობენ. ადრეულად ნეზვის გარეშე გამოზრდით გოჭის სიკვდილიანობა არ აღემატება 5%.

შვეციაში არის მეღორეობის მეურნეობები, სადაც ნეზვიდან გოჭის ასხლეტას აწარმოებენ 10 დღის ასაკში. მათი მუშაობის შედეგები სრულიად დამაკმაყოფილებელია.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ცნობილია გოჭის ადრე წარმატებით ასხლეტის მხოლოდ ერთეული შემთხვევები. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ დაბადებისთანავე გოჭის ხელოვნური გამოზრდა ძლიერ გაძნელებულია. ხსენის მოქმედება გოჭის ორგანიზმზე მთლიანად ჯერ კიდევ  არ არის გამოვლენილი. რძის შემცვლელში გამაგლობულინი, ვიტამინი და მიკროელემენტების დამატება ძვირი და ნაკლებ ეფექტური საშუალებაა. ამიტომ ცდები, გამოზრდილ იქნეს გოჭი ნეზვის გარეშე, როგორც ჩანს, კიდედვ დიდხანს არ გასცდება ექსპერიმენტის ფარგლებს. ნეზვიდან 7-10 დღის ასაკში ასხლეტილი გოჭის გამოზრდამ  მთელ რიგ ქვეყნებში პრაქტიკული გამოყენება პოვა.

ერთდროულად ნეზვისაგან ადრე ასხლეტილი გოჭების გამოზრდის მეთოდების დამუშავებასთან ერთად, მიმდინარეობდა გამოკვლევა მათ შემდგომ გამოყენებაზე გოჭების ადრე ასხლეტის შესაძლებელი არასასურველი შედეგების დასადგენად. ამასთან ერთად დადგენილია, რომ ადრე ასხლეტილი გოჭი გამოზრდის და გასუქების დამთავრების შემდეგ ცოცხალი მასის მატების, საკვების ანაზღაურების და დაკვლის შედეგებით არ განსხვავდება იმ გოჭებისაგან რომლების ნეზვიდან 2 თვის ასაკში იყვნენ ასხლეტილნი. არსებითი განსხვავება არ დადგენილა აგრეთვე ღორის აღწარმოების უნარიანობაში, მრავალნაყოფიერებასა და სხვა მაჩვენებლებში გოჭის 21-45 დღის ასაკში ასხლეტისას.

საქართველოში ყოველწლიურად 6 მილიონი ტურისტი შემოდის. ხორცის წარმოების გადიდების მიზნით აუცილებლად უნდა დაინერგოს რესპუბლიკის მეღორეობის ფერმებში გოჭის ადრეულ ასაკში ასხლეტა. მეღორეობის დარგის განვითარების მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია საგარეჯოს და კრწანისის უნიკალური მეღორეობის ფაბრიკების აღდგენა-ფუნქციონირება.

ამჟამად, როგორც აშშ-ში, ევროპის ქვეყნებსა და რუსეთის ქალაქებში აქტიურად მიმდინარეობს საჭმლის ნარჩენების გადამუშავება. მაგალითად, პეტერბურგის არაგეგმური საკვების დამზადების კანტორის მონაცემებით, 1966-1970 წლების პერიოდში პეტერბურგის საგარეუბნო სასუქი მეურნეობების მიერ გამოყენებულ იქნა 1800000 ტონა საჭმლის ნარჩენი, რაც დაახლოებით 360000 ტონა მარცლის ან 60000 ტონა ღორის ხორცის (ცოცხალი მასის) ეკვივალენტურია.

აშშ-სა და სხვა ევროპული ქვეყნების გამოცდილების მსგავსად, მეღორეობაში საკვებ-წარმოების გაფართოების მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია რესპუბლიკის მსხვილი ქალაქების ნაგავსაყრელებთან მოეწყოს საჭმლის ნარჩენების გადამამუშავებელი საამქროები, მათი მეშვეობით მოხდებოდა მეღორეობის ფერმებისათვის დიდი რაოდენობით იაფი და ყუათიანი საკვების მიწოდება.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის სამთავრობო პოლიტიკა სოფლის მეურნეობის ინოვაციურ სისტემებში კერძო ფირმებისა და აგრობიზნენის აქტიური მხარდაჭერაა. ფერმერთა ფინანსურ კრედიტში მონაწილეობს მრავალი ბანკი და ფინანსური კომპანია. იმ შემთხვევაში, როცა ფერმერი თავს ვერ აღწევს ფინანსურ სიძნელეს (მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური მხარდაჭერა არსებობს გაკოტრებისაგან თავის დასაღწევად, ხშირად ეს არ არის საკმარისი), ის კოტრდება და იძულებული ხდება დატოვოს სასოფლო-სამეურნეო წარმოება. ფერმერობას ინარჩუნებენ მხოლოდ კვალიფიციური ფერმერები, ამიტომ ფერმერთა მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას სოფლის მეურნეობის ინოვაციურ სისტემებში უდიდეს ძალისხმევას ახმარს ამერიკის მთავრობა. დღეისათვის, ზოგიერთი სპეციალისტის გაანგარიშებით, ყოველ 10 წუთში უქმდება ერთი ფერმა. ყველაფერი ეს დიდად საყურადღებოა განსაკუთრებით მისთვის, ვისაც ფერმერობა იოლ საქმედ მიაჩნია და მხოლოდ ფერმერიზაციაში ხედავს გამოსავალს.

აღსანიშნავია, რომ ფერმერების_გლეხების მხარდამჭერი პროგრამები არსებობს დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებშიც, სადაც გლეხებს უწევენ მუდმივ და ყოველმხრივ დახმარებას. მაგალითად, პატარა შვეიცარიაშიც კი, სოფლის მეურნეობის დოტაციებმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა ყველა იმ სუბსიდია, რომლებიც მიეცა სოფლის მეურნეობას რუსეთში 1993 წელს. უცხოური ინვესტიციების ეროვნულ ეკონომიკაში მოზიდვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მაკროეკონომიკურ ინსტრუმენტად უნდა ჩაითვალოს სოფლის მეურნეობის ინოვაციურ სისტემებში სხვადასხვა ფორმებით ტექნოპარკების შექმნა, რადგანაც საბაზრო ეკონომიკის პირობებში ტექნოპარკები წარმოადგენს უმაღლესი განათლების, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის დაფინანსების წყაროების, ხელისუფლების რეგიონული და ადგილობრივი მართვის ორგანოების ინტეგრაციის პერსპექტიულ და მსოფლიოში აპრობირებულ ფორმებს. აღსანიშნავია, რომ კალიფორნიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში ტექნოპარკების შექმნამ მნიშვნელოვანწილად შეუწყოს ხელი ჩამორჩენილი აგრარული პროფილის რეგიონების გადაქცევას ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრების ყველაზე მაღალი დონის რეგიონებად.

ჩინეთში შექმნილი შენთჟენის ტექნოპარკი პოსტსოციალისტური ქვეყნებისათვის  იმის მკაფიო მაგალითს წარმოადგენს, თუ როგორ უნდა შეიქმნას ტექნოპარკები  ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით და არა ამერიკული ან ევროპული გამოცდილების გაუაზრებელი კოპირებით.

მსოფლიოში არსებული ტექნოპარკები იყოფა ორ კატეგორიად – ტერიტორიული და ვირტუალური, ანუ ფუნქციონალური ტექნოპარკები. ტერიტორიული ტექნოპარკების უპირატესობას წარმოადგენს მსგავსი პროფილის თანამედროვე წარმოებების მაღალი კონცენტრაცია ერთ ადგილას. ხშირად ასეთი ტექნოპარკები შენდება მსხვილ უნივერსიტეტებთან. მაშინ, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტში არ არის ტერიტორიული ტექნოპარკების მშენებლობისათვის საჭირო მილიარდები (მაგალითად, საქართველოში), მაგრამ არსებობს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობა, მაშინ მიდიან ვირტუალური ტექნოპარკების (ტექნოპარკები კედლების გარეშე) შექმნის გზით, როგორც ეს მოხდა უკრაინაში. ასეთი ტექნოპარკების მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქვეყნის ნებისმიერ გეოგრაფიულ ადგილას განლაგებულ ნებისმიერ კომპანიას. ამისათვის საკმარისია შესაბამის ტექნოპარკში წარდგენილ იქნეს სპეციალურად მომზადებული პროექტი, რომელიც მიმართული იქნება მაღალინოვაციური ტექნოლოგიების წარმოებაში დანერგვაზე. ასეთი კომპანიის პროექტის დამტკიცების შემთხვევაში კომპანიას მიეცემა ყველა ის შეღავათი, რაც დადგენილი იქნება საქართველოს კანონით `ტექნოპარკების საინოვაციო მოღვაწეობის სპეციალური რეჟიმის შესახებ~, მაგრამ პროექტის შემსრულებელი კომპანია ვალდებული იქნება, თავისთან ცალკე იქონიოს სპეციალური აღრიცხვა პროექტის მიმდინარეობის შესახებ, რომელსაც არსებული წესით გააკონტროლებს სახელმწიფო.

ფუნქციონალური ტექნოპარკების წარმატებული მოღვაწეობის მკაფიო მაგალითს წარმოადგენს უკრაინაში არსებული ტექნოპარკები. უკრაინის ტექნოპარკები წარმოადგენს საკმაოდ სერიოზულ ძალას, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის ინოვაციურ სტრუქტურაზე. ინოვაციური პროდუქციის წარმოებამ აქ მიაღწია 3 მილიარდ გრივნას წელიწადში, საშუალო წლიური 50%-იანი მატებით.

2000_2009 წლებში უკრაინაში ტექნოპარკების მიერ 112 ინოვაციური პროექტის ფარგლებში წარმოებულ იქნა 14,3 მილიარდი გრივნას ინოვაციური პროდუქცია, შეიქმნა 3,5 ათასი ახალი მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილი. ტექნოპარკების მიერ შესრულებული პროექტებიდან სახელმწიფო ბიუჯეტსა და არასაბიუჯეტო ფონდებში შენატანებმა შეადგინა 943 მილიონი გრივნა და ყველაფერი ეს გაკეთდა რაიმე საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის გარეშე. შედარებისათვის, საქართველოში აგრარულ სფეროში სახელმწიფოს მიერ ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეშვეობით დაფინანსებული გრანტებიდან, დღიდან ამ ფონდის დაარსებისა, წარმოებაში არ დანერგილა არც ერთი საინოვაციო პროექტი, არ შექმნილა არც ერთი სამუშაო ადგილი, და, ბუნებრივია, არც მეცნიერებას და არც ეკონომიკას არ დასტყობია საინოვაციო პროექტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მნიშვნელოვანი სახსრები.

ბოლო წლების გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი მრეწველობის აღორძინება შეუძლებელი იქნება სამამულო მეცნიერების ინოვაციური პოტენციალის ამოქმედების გარეშე. საქართველოს სასურსათო კომპლექსის ინოვაციური სისტემებისადმი მზარდი ინტერესი განპირობებულია ადგილობრივი პროდუქციის დაბალი კონკურენტუნარიანობით შიდა და მსოფლიო ბაზრებზე, რაც მოითხოვს სერიოზულ ინვესტიციებს აღნიშნულ დარგში. უცხოური ინვესტიციების ეროვნულ ეკონომიკაში მოზიდვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მაკროეკონომიკურ ინსტრუმენტად უნდა ჩაითვალოს სხვადასხვა ფორმების ტექნოპარკების შექმნა, რადგან საბაზრო ეკონომიკის პირობებში ტექნოპარკები წარმოადგენს უმაღლესი განათლების, მრეწველობის, დაფინანსების წყაროების, ხელისუფლების რეგიონული და ადგილობრივი მართვის ორგანოების ინტეგრაციის პერსპექტიულ და მსოფლიოში აპრობირებულ ფორმებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის აღორძინების მიზნით აუცილებლად მიგვაჩნია სხვადასხვა ფორმებით ტექნოპარკების შექმნა. ტექნოპარკების შექმნისა და საინოვაციო ფუნქციების სპეციალური რეჟიმის სამართლებრივი და ეკონომიკური საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონით `ტექნოპარკების საინოვაციო მოღვაწეობის სპეციალური რეჟიმის შესახებ~. ტექნოპარკების მიმართ მოქმედებს საინოვაციო მოღვაწეობის სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო მხარდაჭერას ტექნოპარკების, მათი მონაწილეებისა და ერთობლივი საწარმოებისადმი მათ მიერ პრიორიტეტული მიმართულებების შესატყვისი პროექტების რეალიზაციის საქმეში. ამასთან, შეღავათები ეძლევა არა კონკრეტულ საწარმოებს, არამედ მხოლოდ საინოვაციო პროექტებს.

 დასკვნა

ტექნოპარკების რეგისტრაციას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარდგენით. ცნობა ტექნოპარკის შესახებ გაიცემა პროექტის რეალიზაციისათვის საჭირო ვადით, მაგრამ არაუმეტეს 5 წლის ვადისა, და ეს წარმოადგენს ტექნოპარკების, მისი მონაწილეებისა და ერთობლივი საწარმოებისათვის ინოვაციური მოღვაწეობის სპეციალური რეჟიმის შემოტანისა და სპეციალური ანგარიშების გახსნის საფუძველს. ტექნოპარკების პროექტების რეალიზაციისათვის ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტში ტექნოპარკების მოწყობის მხარდაჭერის პროგრამის შესაბამისად, გამოიყოფა გარკვეული სახსრები. საქართველოს მმთავრობის მიერ მიღებული პროგრამა სოფლის მეურნეობას მიიჩნევს პრიორიტეტულ დარგად და ითვალისწინებს სამამულო წარმოების როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური წარმოშობის ნედლეულის წარმოების მკვეთრ გადიდებას.

სტატისტიკური მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულია საქართველოს მოსახლეობის 53% და ის იძლევა ეროვნული შემოსავლის მხოლოდ 8,9%. ამშეუსაბამობის ძირითადი მიზეზია სოფლის მეურნეობის ნედლეულის გადამამუშავებელი მრეწველობის არარსებობა. შედარებისათვის, გასულ წლებში საქართველოში ფუნქციონირებდა 57 საკონსერვო ქარხანა, დღეს - 4; ჩაის მრეწველობა წარმოდგენილი იყო 200 ფაბრიკით, დღეს ფუნქციონირებს 3-4 მცირე საწარმო; ეთერზეთოვან ზეთებს აწარმოებდა 28 მეურნეობა - ქარხანა, დღეს არც ერთი არ ფუნქციონირებს.

სოფლად, საქართველოს ინოვაციური სისტემების ტექნოპარკების ფუნქციონირების წინაშე მწვავედ დგას სამრეწველო დანიშნულების შაქრის დეფიციტის პრობლემა. სამრეწველო დანიშნულების შაქრის უქონლობის გამო უმოქმედოდ დგას კვების მრეწველობის საწარმოები, აუთვისებელი რჩება ხილ-კენკროვანთა ნედლეულისა და ციტრუსოვანთა ნაყოფების რესურსები. საკონსერვო მრეწველობის ამოქმედების დღეს არსებული პრობლემა და ამ პრობლემასთან დაკავშირებული სახალხო მეურნეობის მთელი რიგი დარგების ჩამორჩენა არ იქნება დაძლეული მანამ, სანამ საქართველოს ინოვაციური სისტემების ტექნოპარკების ფუნქციონირების წინაშე არ მოხერხდება სამრეწველო დანიშნულების სამამულო შაქრის წარმოების ორგანიზება საქართველოში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, შაქრის წარმოების განვითარება შეუძლებელია სოფლად საქართველოს ინოვაციური სისტემების ტექნოპარკების ფუნქციონირებაში ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნისა და დანერგვის გარეშე. ინოვაციური ტექნოლოგიების ათვისება და საამისოდ უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორების მოზიდვა უნდა განხორციელდეს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდის _ ტექნოპარკების შექმნის გზით. შაქრის წარმოების სფეროში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, სპეციალისტებმა  დაადგინეს  რესპუბლიკაში შაქრის წარმოების განვითარების მიმართულებები. დადგენილია, რომ:

1)  საქართველოში შაქრის წარმოება უნდა განვითარდეს შაქრის ჭარხლის სამრეწველო გამოყენების ეფექტურობის ამაღლებით და ამ კულტურის მოვლა-მოყვანის და ნედლეულის გადამუშავების პროგრესული ტექნოლოგიების დანერგვით.

2)  ახალი შაქარშემცველი მცენარის _ შაქრის სორგოს მოყვანა საქართველოში. შაქრის სორგო გვალვაგამძლე მცენარეა, ის შეიძლება მოყვანილ იქნეს გარე კახეთის გვალვიან რაიონებში არსებულ დამლაშებულ ნიადაგებზე. აქ შაქრის სორგოს კულტურის ქვეშ შეიძლება გამოიყოს 60 ათასი ჰექტარი, რაც საშუალებას მოგვცემს, დამატებით ვაწარმოოთ 120 ათასი ტონა შაქარი მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქტის _ გლუკოზო-ფრუქტოზული სიროფების სახით. სეციალისტების აზრით, კვების მრეწველობისათვის განკუთვნილი შაქარი მიზანშეწონილია ვაწარმოოთ თხევადი შაქრის სახით. საამისოდ შეძენილი უნდა იქნეს თხევადი შაქრის მწარმოებელი მინიქარხნები. თხევადი შაქრის წარმოების ტექნოლოგიაზე გადასვლა 20-25%-ით შეამცირებს შაქრის ჭარხლის გადამუშავებისათვის საჭირო სათბობ-ენერგეტიკულ დანახარჯებს, გაიზრდება ნედლეულიდან შაქრის გამოსავალი.

შაქრის მინიქარხნებში არსებული  დანადგარ-მოწყობილობების გამოყენებით უნდა მოეწყოს  ნედლი შაქრიდან ფუნქციონალური დანიშნულების თხევადი შაქრის წარმოება. შაქრის მინიქარხნებში არსებულ დანადგარებზე შეიძლება წარმოებულ იქნეს რძის კონცენტრატი, ხილ-ბოსტნეულის წვენების ექსტრაქტები და კონცენტრატები, რაც გამორიცხავს ქარხნის მუშაობის სეზონურობას. ამ თვალსაზრისით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, რათა სოფლის მეურნეობის განვითარების გამიზნული სახსრებიდან გამოიყოს თანხები აღნიშნული ტექნოპარკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაძლიერებლად.

გამოყენებული ლიტერატურა

1.  აბესაძე რ., ინოვაციები _ ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული, თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბ., 2014.

2.  ამერიკის ეკონომიკა – ზოგადი საფუძვლების მიმოხილვა, ამერიკის შეერთებული შტატების საინფორმაციო სააგენტო. 2010.

3.  რევიშვილი ზ., საქართველოს აგრარული განვითარებისა და პოლიტიკის თეორიული საკითხები. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო-სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული, თბ., 2015.

4.  რუხაძე ს., აშშ-ის სახელმწიფო რეგულირების საკითხები, თბ., 1994.

5.  ქავთარაძე თ., აგრარული რეფორმა საბაზრო ეკონომიკის პირობებში და საქართველო, “მეცნიერება”, თბ., 2003.

6.  ქისტაური ნ., ინოვაციებისა და ცვლილებების მართვის თანამედროვე პრობლემები. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული, თბ., 2015.

7.  ხარაიშვილი ე., ინოვაციური განვითარების პრობლემები საქართველოს ფერმერულ მეურნეობებში. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა ტ II. თბ., 2012.

8.  ჩიქავა ლ., ინოვაციური ეკონომიკა. საგამომცემლო ფირმა სიახლე, თბ., 2006.

9.  www, fao, org/corp/statistics.

10.  Освоение инновации в агропромишленном комплексе опит и проблемы – М. : ФГУ РССК 2006 – 136.

11. Changes in market organization and practices of the otato industry.Hastings Area. Florida 1958-1968. Washington, 1970.

12. Kyle L.P. Business analysis summary for otato farms 1973. East-lansing, 1974.